სიახლეები

გაიგეთ გეკუთვნით თუ არა კომპენსაცია

ხშირად დასმული კითხვები საგადასახადო შეღავათებით სარგებლობასთან და კომპენსაციებთან დაკავშირებით

 

საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება

2020 წლის 1 მაისიდან 6 თვის განმავლობაში, თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც დაქირავებით არიან დასაქმებულები და ამ 6 თვიან პერიოდში, თითოეულ თვეში მათი ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.

- აღნიშნული შეღავათის მიზანი:

აღნიშნული შეღავათის მიზანია, დამსაქმებლებს შეუმცირდეთ ყოველთვიური ხარჯები და ჰქონდეთ შესაძლებლობა მაქსიმალურად მეტი სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ და დაქირავებულ პირებს აუნაზღაურონ მათი ხელფასები;

- ვინ ერთიანდება დამსაქმებლის ცნების ქვეშ ?!

დამსაქმებელი მოიცავს ყველა ტიპის საწარმოს, მათ შორის, კომპანიებს, საწარმოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც დაქირავებული ჰყავთ ფიზიკური პირები, მათი შესრულებული სამუშაოების შესაბამისად უხდიან ხელფასს და ამავდროულად იხდიან საშემოსავლო გადასახადს.

- კონკრეტულად ვინ ისარგებლებს შეღავათით ?

შეღავათით ისარგებლებენ მხოლოდ კერძო სექტორში მოღვაწე ორგანიზაციები,  აღნიშნული შეღავათი არ გავრცელდება საჯარო სექტორში არსებულ ორგანიზაციებზე.

საჯარო სექტორი, ვინც ვერ ისარგებლებს შეღავათით მოიცავს:

· ყველა სამინისტროს;

· სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს - სსიპ-ებს (მათ შორის საჯარო სკოლები, თეატრები, ანსამბლები და მუზეუმები) და არაკომერციულ (არამომგებიან) იურიდიულ პირებს - ა(ა)იპ;

· მუნიციპალურ სამსახურებს და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებს და ა(ა)იპებს (მათ შორის საბავშვო ბაღები, ანსამბლები, სპორტული კლუბები და სხვა);

· სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის ნებისმიერ სამსახურებს;

· სახელმწიფო საწარმოებს, რაც მოიცავს - სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტების წილი შეადგენს 50%-ზე მეტს. ასევე, ამ საწარმოების შვილობილ საწარმოებს, თუ მათი წილი შეადგენს 50%-ზე მეტს;

· ეროვნულ ბანკს;

· ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს;

- კონკრეტულად რა იგულისხმება აღნიშნულ საგადასახადო შეღავათში ?

ის საწარმოები, ვინც უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ შეღავათით, მაისი-ოქტომბრის პერიოდში, ხელფასების გაცემის დროს საშემოსავლო გადასახადს:

· საერთოდ არ გადაიხდიან იმ დაქირავებულებზე, რომელთა ხელფასიც 750 ლარი ან უფრო ნაკლებია;

· ნაწილობრივ გადაიხდიან იმ დაქირავებულებზე, რომელთა ხელფასიც მეტია 750 ლარზე და არ აღემატება 1500 ლარს. ამ შემთხვევაში დარიცხულ ხელფასს აკლდება 750 ლარი და დარჩენილი თანხა იბეგრება საშემოსავლო გადასახადით;

მაგალითად :

თუ საწარმოში დასაქმებული პირის დარიცხული ხელფასი შეადგენს 900 ლარს, აღნიშნულ თანხას აკლდება 750 ლარი და საშემოსავლო გადასახადს იხდის მხოლოდ დარჩენილ 150 ლარზე ანუ (30 ლარს)

- რა შემთვევაში გადაიხდიან დამქირავებლები სრულად საშემოსავლო გადასახადს ?!

დამსაქმებლები  სრულად გადაიხდიან საშემოსავლო გადასახადს იმ დაქირავებულებზე, რომელთა ხელფასი კონკრეტულ თვეში იქნება 1500 ლარზე მეტი;

ამასთან, ხელფასის 1500 ლარიანი ზღვარი მოქმედებს კონკრეტულ თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე.

მაგალითი:

თუ მაისში დაქირავებულზე გაიცა 1600 ლარი, ამ დაქირავებულზე საწარმო საშემოსავლო გადასახადით ვერ ისარგებლებს, მაგრამ თუ ამავე დაქირავებულზე ივნისში გაიცა 1400 ლარი, ამ შემთხვევაში ისარგებლებს შეღავათით და ივნისის საშემოსავლო გადასახადს გადაიხდის ნაწილობრივ, კერძოდ 1400 ლარს გამოაკლდება 750 ლარი და საშემოსავლო გადასახადს გადაიხდის 650 ლარზე (130 ლარს);

- როდის წარადგენს საწარმო დეკლარაციას შეღავათის ფარგლებში?

საწარმო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას წარადგენს ჩვეულ რეჟიმში, მომდევნო თვის 15 რიცხვში.

შესაძლო კითხვები:

· ნიშნავს თუ არა ეს შეღავათი რომ დაქირავებულ პირს უნდა გაეზარდოს ხელფასი?

პასუხი: პირდაპირ არ ნიშნავს, ვინაიდან ხელფასის განსაზღვრა ხდება დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის შეთანხმებით. ამ  შეღავათის მიზანია ხარჯები შეუმციროს საწარმოს ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში, და შემდგომში  საწარმოს  გადასაწყვეტია გაზრდის ხელფასს თუ დაამატებს კადრებს იგივე ხელფასით.

 

- შესაძლო კითხვა: ისარგებლებს, თუ არა ამ შეღავათით, პირი რომელიც, დაქირავებით მუშაობს ორ ან მეტ საწარმოში?

პასუხი:  ისარგებლებს. გადასახადისგან გათავისუფლდება პირის მიერ, თითოეული დამქირავებლისგან მიღებული ხელფასი 750 ლარამდე, თუ ამავე დამქირავებელთან მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.

 შესაძლო კითხვა: აღნიშნული შეღავათის მიღებასთან ერთად, ხომ არ დაკარგავს ამ საგადასახადო შეღავათის გამოყენებით, პირი სხვა შეღავათს, რომელიც მას კანონმდებლობით ეკუთვნის (მაგ: სარგებლობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილისთვის გათვალისწინებული შეღავათით ან სხვა შეღავათით) 

პასუხი: არ დაკარგავს. პირი ისარგებლებს ორივე შეღავათით.